სალომე სამადაშვილი - ჩვენი პოზიციაა, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ყველა ცვლილებას, რომელიც მას უკავშირდება, მხარს დავუჭერთ
სალომე სამადაშვილი - ჩვენი პოზიციაა, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ყველა ცვლილებას, რომელიც მას უკავშირდება, მხარს დავუჭერთ

ჩვენი პოზიციაა, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ყველა ცვლილებას, რომელიც მას უკავშირდება, მხარს დავუჭერთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ ინიციატივაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები შეთანხმებულია 19 აპრილის დოკუმენტის თანახმად და „ლელო“ ყოველთვის ასრულებდა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს.

„ვხედავთ, რომ ევროკავშირის პირველი მოთხოვნა სწორედ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში დაბრუნებაა, ამიტომ ცხადია, რომ მხარს დავუჭერთ ყველა იმ ცვლილებას, რაც უკავშირდება ამ შეთანხმების პირობების შესრულებას. რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ბარიერის დაწევას, ბარიერის დაწევა იყო შეთანხმების ნაწილი, ამიტომ ეს თემა ვაჭრობის თემა ვერ იქნება. ხელისუფლება ან ასრულებს 19 აპრილის შეთანხმებას, როგორც ამას ევროკავშირი ითხოვს, ან არ ასრულებს. ჩვენი პარტიისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს და წარმატებას მოვიპოვებთ. მაგრამ, ჩვენი პოზიციაა, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ყველა ცვლილებას, რომელიც მას უკავშირდება, მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „12 პუნქტის შესრულება პრიორიტეტია, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ“.