სალომე სამადაშვილი - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მჭიდრო თანამშრომლობა დასავლელ მოკავშირეებთან, რათა უკრაინასთან მიმართებით გადადგმულ ყველა მათ ნაბიჯში ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიც იყოს ასახული
„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ სანქციებს გარკვეული შედეგი მოჰყვება.
„უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა. ვფიქრობ, არავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს. მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ევროკავშირმა გამოაცხადა. გარკვეული მსუსხავი ეფექტი ამ სანქციებს, რომლებიც დაანონსებულია, ექნება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და რუსეთის მხრიდან უფრო აგრესიული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, დასავლეთი მზად არის, კიდევ უფრო გაამკაცროს რეაგირება“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ამასთან, როგორც სალომე სამადაშვილი ამბობს, ქართულ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს დასავლელ მოკავშირეებთან, რათა უკრაინასთან მიმართებით მათ ყველა ნაბიჯში ასახული იყოს საქართველოს ინტერესებიც.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ასეთ კოორდინაციას ვერ ხედავს.
„დღეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობების თვალსაზისით, ბევრი რესურსი რაიმე გადაწყვეტილების მისაღწევად არ არის დარჩენილი. ამიტომ გაუქმდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის და ლავროვის შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა შემდგარიყო.
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ გვქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან იმისთვის, რომ მათ ყველა ნაბიჯში, რომელიც გადაიდგმება უკრაინასთან მიმართებით ასახული იყოს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიც. თუმცა სამწუხაროდ, მე დღეს ასეთ კოორდინაციას ვერ ვხედავ. საქართველოს ხელისუფლება რეალურად არის დამალულ პოზიციაში, არჩევს სიჩუმეს, ელოდება დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.