სალომე სამადაშვილი - ჩვენ საზოგადოებაში გყავს მრავალდიპლომიანი, მაგრამ სრულიად უვიცი ადამიანები
საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, წერა-კითხვის ცოდნა დღეს ჩვენს ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს უსმენენ.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, აქვს კითხვები, როგორ განათლების მინისტრი ქვეყანაში გააუმჯობესოს საშუალო ან უმაღლესი განათლების ხარისხი.
„საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, წერა-კითხვის ცოდნა დღეს ჩვენს ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენს. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომ საქართველოში აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით ყველა, ვინც იწყებს უმაღლესი განათლების მიღებას, ახერხებს, რომ დიპლომი აიღოს, როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 30%-ზე მეტი, როგორც წესი ვერ იღებს დიპლომს. შედეგად ჩვენ საზოგადოებაში გყავს მრავალდიპლომიანი, სრულიად უვიცი ადამიანები და ეს ქმნის პრობლემას, რომ ასეთი უვიცი დიპლომირებული საზოგადოების პირობებში, კიდევ რამდენიმე თაობით, ვერ შევძლებთ სიღარიბის დაძლევას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, დეპუტატი დაინტერესდა რატომ მოხდა პარლამენტში კანონის ინიცირება, რომელიც გაუადვილებდა ავტორიზაციის მიღებას ისედაც ხარისხის პრობლემის მქონე უმაღლეს სასწავლებლებს.
„რატომ შეჩერდა შემდეგ ამ კანონის განხილვა, იყო თუ არა აქ კერძო და შესაძლოა, კორუფციული ინტერესები“, – მიმართა სალომე სამადაშვილმა მინისტრს.