სალომე სამადაშვილი - ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი შეთანხმება და ორივე მხარემ რაიმე ცვლილებებზე მხოლოდ მედიატორების თანამონაწილეობით შეიძლება ვისაუბროთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეთანხმება ხელმოწერილია და მხარეებმა რაიმე ცვლილებაზე მხოლოდ მედიატორების მონაწილეობით შეიძლება, ისაუბრონ.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია და რაიმე ცვლილებებზე საუბარი შეიძლება გავმართოთ ორივე მხარემ მხოლოდ მედიატორების თანამონაწილეობით, ამიტომ ხვალ ყველაფერი წავა ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ვნახოთ, თუ მოხდება შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“ ამნისტიის კანონპროექტზე საერთო პოზიციაზე“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიკა მელიას მონახულებას აპირებს.
„იცით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შესაბამისი ვერსია. მნიშვნელივანია, ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯები შეთანხმების შესრულების გზაზე და შემდგომ მე ვაპირებ ნიკასთან ვიზიტს საპატიმროში, თუ შევძლებ ხვალვე, თუ არა და მაქსიმუმ ზეგ. მასთან პირადად ვისაუბრებ იმ სურათზე, რაც გამოიკვეთება ხვალინდელი დღის შემდეგ. ჯერ უნდა მივყვეთ იმ პროცესს, რომელიც არის დაწყებული. იცით, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით ამნისტიის შესახებ კანონს, გარდა იმ შემთხვევისა, რაზეც იყო შეთანხმება. ამიტომ, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. კანონპროექტის როგორც შეტანა, ისე უკან გამოწვევა ყოველთვის შეიძლება, ამიტომ ჩვენ ამისთვის ჯერ დრო გვაქვს. ჯერ მნიშვნელოვანია, ხვალ დავიწყოთ შეთანხმების შესრულება და არანაირად არ მივცეთ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების ჩაშლა შემოუბრუნოს ოპოზიციას, რადგან ეს შეთანხმება ჩვენს ხელში არის ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი, რომ შევძლოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე. მხარეები ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობენ, რომელიც პარლამენტში ხვალ უნდა დაინიცირდეს.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიმართავს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მელია მათ მოუწოდებს, „არ მიიღონ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია“.
ამასთან, ნიკა მელია სთხოვს ოპოზიციას და მიმართავს დოკუმენტზე ხელმომწერ „ქართულ ოცნებასაც“, გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, იღებს სრულ პასუხისმგებლობას, დათანმხდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს.