სალომე სამადაშვილი - ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე მაინც სწავლობენ, „ქართულმა ოცნებამ“ კი ჭკუა ვერ ისწავლა
სალომე სამადაშვილი - ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე მაინც სწავლობენ, „ქართულმა ოცნებამ“ კი ჭკუა ვერ ისწავლა

ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე მაინც სწავლობენ, „ქართულმა ოცნებამ“ კი ჭკუა ვერ ისწავლა, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„აღმოჩნდა, რომ მირზა სუბელიანი და ვიღაც ფარცხალაძე ფლობს და კოორდინირებას უკეთებს შეიარაღებულ ბანდდაჯგუფებებს, რომლებსაც შეუძლიათ, დააშანტაჟონ, მათ შორის, ქვეყნის ასე ვთქვათ, ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში ძალაუფლება უნდა განახორციელოს. ეს იყო სახელმწიფოს ჩამოშლა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე, რომელიც ხალხს ეგონა, რომ ხელისუფლების მთავარი შტოს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა აღარ არის, ამ ქვეყანას არაფორმალურად მართავს.

„საერთოდ, ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე მაინც სწავლობენ, „ქართულმა ოცნებამ“ კი, ვერანაირი ჭკუა ვერ ისწავლა და გასული ექვსი წლის განმავლობაში, შესულია ტყუილების, არაფორმალური მმართველობისა და ძალადობის სპირალში. „ქართული ოცნების“ ძალიან სწრაფი ვარდნის გარდა, აქედან გამოსავალს ვეღარ ვხედავ. საზოგადოებაში მისი ნდობა ჩამოიშალა, რადგან დავინახეთ, რომ სახელმწიფო უბრალოდ, კანზე შემოგვეფრცქვნა და აღარ გვაქვს“- განაცხადა სამადაშვილმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ უნდა გამორიცხონ მოქალაქეებმა ეჭვი, რომ შესაძლოა, ყოფილი მმართველი პარტია პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანთან გარკვეულ გარიგებაში შესულიყო, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ურჩევს, უკეთესი კონსულტანტები დაიქირაოს, რადგან ისინი ძალიან ცუდად მუშაობენ და ამ ქვეყანაში ვერავის ვეღარ ატყუებენ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მისი აზრით, ვინ ჩაწერა შაბათს გავრცელებული ჩანაწერი, ვინ გამოიტანა ციხიდან და როგორ მოხვდა ის ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის” ეთერში, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე ვერ იმსჯელებს. მისი თქმით, როგორც ჩანს, სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებებში უბედურება კვლავ ხდება, რადგან უკანონო მიყურადებები ისევ მიმდინარეობს.

სამადაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, რასაც ხელისუფლება აბრალებს შვილმკვდარ მამას, რომელიც ქუჩაში ათენებს და აღამებს.

„ამ ერთმა, ძალიან გაბედულმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილის სისტემა ჩამოანგრია. არიან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან და საკუთარი შვილის მკვლელობის დადგენის საქმეს არავის არანაირ ფასად არ მიჰყიდიან, მაგრამ ამას ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიგებს, ვერც თალაკვაძე, ვერც ბესელია, ვერც სესიაშვილი და ვერც სხვა, ვინც, როგორც აღმოჩნდა, გასული ექვსი წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში საკუთარი ფინანსური და სხვა საქმეების მოსაგვარებლად არის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.