სალომე სამადაშვილი - ბევრი ადამიანი გაბედული გადაწყვეტილებისთვის დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა, ვიმედოვნებ, რურუას გათავისუფლების შემდეგ მიხვდებიან, რომ ეს კრიტიკა იყო შეცდომა
სალომე სამადაშვილი - ბევრი ადამიანი გაბედული გადაწყვეტილებისთვის დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა, ვიმედოვნებ, რურუას გათავისუფლების შემდეგ მიხვდებიან, რომ ეს კრიტიკა იყო შეცდომა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ გიორგი რურუას შეწყალება არის პირველი და ნათელი შედეგი იმ შეთანხმებისა, რომელსაც ევროპული საბჭოს უშუალო თანამონაწილეობით მიაღწიეს.

სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ადამიანები, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ, მიხვდებიან, რომ ეს შეცდომა იყო.

„ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი იმ შეთანხმებისა, რომელსაც მივაღწიეთ ევროპული საბჭოს უშუალო თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი გასული დღეების მანძილზე უსაფუძვლოდ და დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ვფიქრობ, მივიღეთ ეს ძალიან გაბედული გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს როდესაც ისინი ნახავენ, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ჩვენ უკვე წელიწად-ნახევარია ვითხოვთ, გათავისუფლდება, სკეპტიკოსები, რომლებიც უსაფუძვლოდ და უსამართლოდ გვესხმოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, როგორც სამადაშვილი ამბობს, ახლა აგრძელებენ მუშაობას, რათა ნიკა მელიამ, რაც შეიძლება მალე დატოვოს საპატიმრო.

„ჩვენ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ჩვენ ამ ქვეყანაში დავხუროთ პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა.