სალომე სამადაშვილი - აშშ-ის სენატიდან საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო, თუ დღის ბოლომდე არ გაასაჯაროებენ, ამას გავაკეთებთ ჩვენ
კონგრესმენების წერილების გარდა, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია აქვს მიღებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მან ხელისუფლებას მოუწოდა, დღის ბოლომდე გაასაჯაროონ აღნიშნული წერილი.
„გარდა ამ წერილებისა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან. ჩვენ ეს კომუნიკაცია ხელთ გვაქვს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაასაჯაროოს დღეს, დღის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას გავაკეთებთ ჩვენ, რადგან ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდნენ, რას ფიქრობენ დღეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. წერილი არის მიღებული ჯერ კიდევ დეკემბერში, მაგრამ მას მალავს საქართველოს ხელისუფლება და არ ასაჯაროებენ. თუ ისინი დღის ბოლომდე არ გაასაჯაროებენ ამ წერილს, ამას გავაკეთებთ ჩვენ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა და აღნიშნა, რომ წერილი მიღებულია კომიტეტიდან, რომელიც სანქციების საკითხებზე მუშაობს.
ამასთან, დეპუტატი კონგრესმენების მორიგ წერილს გამოეხმაურა, რომლის შესახებაც გუშინ გახდა ცნობილი.
„ჩვენ ვნახეთ, რომ კონგრესიდან მორიგი კომუნიკაცია შედგა საქართველოს ხელისუფლების სახელზე, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ დღეს ქვეყანას მართავს კორუმპირებული ხელისუფლება და საუბარია, რომ ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი სანქციების რეჟიმის დაწესებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, მსგავსი განცხადებების ფონზე, საქართველოში უცხოური ინვესტიციები არ განხორციელდება.
„ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც უფრო გაღარიბებულია, ვიდრე იყო გუშინ, გაღარიბებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკისა და მისი კორუმპირებული ხელისუფლების გამო, რადგან მსგავსი განცხადებების ფონზე, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არასდროს არანაირი უცხოური ინვესტიციები არ განხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ჩამოშორება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მომავლისთვის და ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, პირველად ჩვენს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ატარებს საქართველოში რუსულ ინტერესებს და ამით უპირისპირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებს რეგიონში“, – განაცხადა სამადაშვილმა.