სალომე სამადაშვილი - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა საარჩევნო სიას წარადგენს „ქართული ოცნება“, რადგან ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის მიერ, არაფორმალურად
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა საარჩევნო სიას წარადგენს „ქართული ოცნება“, რადგან ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის მიერ, არაფორმალურად, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განაჩენი ქართველმა ხალხმა, შეიძლება ითქვას, რომ გამოიტანა და ამ განაჩენს გააფორმებს შემდეგ არჩევნებზე. რა ანტურაჟიც არ უნდა შეიქმნას გარშემო ივანიშვილმა, ქართველ ხალხს ის მესამეჯერ ვეღარ მოატყუებს. დარწმუნებული ვარ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ სიას, მაგრამ ის, რომ სიის სათავეში დგას ყველაზე ოდიოზური პიროვნება და პოლიტიკური ფიგურა, ავტორი და შემოქმედი 20 ივნისის სისხლიანი ღამის – გახარია, იგივე სიის სათავეშია ქალბატონი წულუკიანი, რომელიც გახდა სიმბოლო ადამიანის უფლებების დარღვევის და კანონის დარღვევის ამ ქვეყანაში, ვფიქრობ,ეს ყველაფერი შეახსენებს კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ხალხს, რატომ არ უნდა მისცეს ხმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროექტს ამ საპარლამენტო არჩევნებზე“,- განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ახალ სახეებს, როგორც პოლიტიკოსებს და როგორც პოლიტიკურ მოთამაშეებს, არ განიხილავს.
„რაც შეეხება ახალ სახეებს, ეს ახალი სახეები გვინახავს წინა არჩევნებზეც. 2016 წელს ზუსტად ასე მოიყვანეს ახალი სახეები. უმრავლესობა მათგანმა დატოვა „ქართული ოცნება“, რადგან პირველივე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს აღნიშნეს, რომ მათი აზრი არავის არ აინტერესებს და ბიძინა ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმას აფორმებს. ახლა მოძებნეს ანტურაჟად ადამიანები, რომლებსაც არანაირი სიმძიმე არ აქვთ, რომლებიც ისაუბრებენ „ქართული ოცნების“ სახელით და ზუსტად ასევე, სრულიად თამაშგარე მდგომარეობაში იქნებიან არჩევნების შემდეგ. ამიტომ, ამ ხალხს საერთოდ არ განვიხილავ როგორც პოლიტიკოსებს და როგორც პოლიტიკურ მოთამაშეებს. პოლიტიკას განსაზღვრავს ბიძინა ივანიშვილი და მას, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი, ხმას აღარ მისცემს. ასევე სპორტსმენებიც გვინახავს წინა სიაში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად მართავს ქვეყანას საკუთარი გადაწყვეტილებებით, ზოგადად მათ საპარლამენტო სიის შემადგენლობა, ვფიქრობ რომ არავისთვის არ არის საინტერესო“,- განაცხადა სამადაშვილმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.