სალომე სამადაშვილი - არ მაქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელ აქციას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე მოძრაობა მოჰყვება
არ მაქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელ აქციას მოჰყვება შედეგად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე მოძრაობა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციის დაგეგმვისას კონსულტაციები სხვა პარტიებთან არ გაუვლია, შესაბამისად, უსამართლოა პრეტენზია, რომ ისინი პარტიულად არ უერთდებიან აქციას.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, გამართოს პარტიული აქცია.
„მიუხედავად იმისა, სხვა პარტიები იზიარებენ, თუ არ იზიარებენ აქციის მოთხოვნას, ეს აქცია თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა როგორც საკუთარი პარტიული ღონისძიება. როცა აქციას ჰყავს რამდენიმე სუბიექტი, რამდენიმე პარტია თუ სოციალური მოძრაობა, იკრიბება ეს ხალხი და ერთობლივად გეგმავს ამ აქციას. ამ შემთხვევაში, ასეთი რამ არ გამიგია და არ მსმენია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კონსულტაციები გაევლოს სხვა პარტიებთან ამ აქციის დაგეგმვასთან დაკავშირებით. ფაქტი არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად გადაწყვიტა აქციის დაგეგმვა, შესაბამისად, ეს არის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ არის უბრალოდ სამართლიანი პრეტენზია სხვა პარტიებთან, პარტიულად რატომ არ უერთდებიან ამ აქციას.
შემიძლია გითხრათ გულწრფელად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელ აქციას მოჰყვება შედეგად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე მოძრაობა. მიმაჩნია, რომ გამოწვევა არის მეორე ტურში ხელისუფლების დამარცხება. ამის შემდეგ უკვე შეუქცევადი პროცესი დაიწყება ხელისუფლების ჩამოშლის და მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილი უნდა იყოს ამაზე. ამიტომ, ხვალინდელი აქცია, მე იმას კი არ ვამბობ, რომ არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით ჩემს მოსაზრებას, რომელიც შეიძლება, მცდარი აღმოჩნდეს, მე უბრალოდ არ მაქვს განცდა, რომ ამ აქციას რაიმე ხელშესახები შედეგი მოჰყვება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.