სალომე სამადაშვილი - არ მახსენდება, რომ ლევან იზორიას გარდა, ვინმეს ეკადრებინა და ტოლობის ნიშანი დაესვა ჯარს, საკუთარ თავსა და ჩინოვნიკებს შორის
უპრეცედენტო ფაქტის მომსწრე გავხდით, ბატონო მინისტრო, თქვენ ტოლობის ნიშანი დასვით ქართულ ჯარსა და იმ ჩინოვნიკებს შორის ქართულ ჯარში, რომლებიც შესაძლოა, ჩართულები არიან კანონსაწინააღმდეგო ან კორუფციულ ქმედებაში, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის დადანაშაულება ქართულ ჯარზე თავდასხმაში, მიუღებელია.
„ბატონო მინისტრო, სრულიად უპრეცენდენტო ფაქტის მომსწრე გავხდით, ამ დარბაზში, როდესაც თქვენ ტოლობის ნიშანი დასვით ქართულ ჯარსა და იმ ჩინოვნიკებს შორის ქართულ ჯარში, რომლებიც შესაძლოა, ჩართულები არიან კანონსაწინააღმდეგო ან კორუფციულ ქმედებაში. თქვენ ოპოზიცია დაადანაშაულეთ ქართულ ჯარზე თავდასხმაში მაშინ, როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვებს კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში ასეთი პრეცედენტი არ მახსენდება. არ მახსენდება, რომ თავდაცვის მინისტრს ეკადრებინა და ტოლობის ნიშანი დაესვა ჯარს, საკუთარ თავსა და ჩინოვნიკებს შორის“, -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებები ქართული ჯარისთვის დამაზიანებელია და თავდაცვის მინისტრმა ამაზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
„თქვენ ფიქრობთ, რომ ამოეფარებით ქართულ ჯარს და შეკითხვებს არ დავსვამთ კორუფციაზე ქართულ ჯარში? არა, უკაცრავად, რომელი განცხადება უფრო დამაზიანებელია ქართული ჯარისთვის, თქვენი მთავარსარდლისა და ქვეყნის პრეზიდენტის, რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი, ამასთან დაკავშირებით არ მახსენდება თქვენი დაფიქსირებული პოზიცია, არც ამ დარბაზში და არც სხვაგან არსად. თუ ჩვენი შეკითხვები, რომ კორუფცია არსებობს, თუ არ არსებობს დღეს ჯარში. სირცხვილია და არანაირ პასუხს, რომელსაც დღეს თქვენ გასცემთ რომელიმე შეკითხვას, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მეორე, შეკითხვა მაქვს ძალიან კონკრეტული – რეალურად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არის შემცირებული, რადგან თქვენი მთავრობის მიერ გაუფასურებული ეროვნული ვალუტის პირობებში, ჩვენ იძულებულნი ვართ დავთვალოთ ბიუჯეტი დოლარებში. დოლარებში ბიუჯეტი არის შემცირებული 2014 წლის შემდეგ 80 მლნ-თი, აქ ბრჭყვიალა ბროშურებს რომ გვირიგებთ, ვის ატყუებთ? რა სახსრებით ხდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება“, – განაცხადა სამადაშვილმა.