სალომე სამადაშვილი - არ მახსენდება დებატები, როცა ხელისუფლებას ევროპარლამენტში არც ერთი დამცველი არ ჰყავს, ეს აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაანადგურა ურთიერთობები ევროპულ პოლიტიკურ წრეებთან
სალომე სამადაშვილი - არ მახსენდება დებატები, როცა ხელისუფლებას ევროპარლამენტში არც ერთი დამცველი არ ჰყავს, ეს აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაანადგურა ურთიერთობები ევროპულ პოლიტიკურ წრეებთან

ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, არ ახსენდება მსგავსი დებატები, როცა ხელისუფლებას ევროპარლამენტში არც ერთი დამცველი არ ჰყავს, რაც აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპულ პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობები გაანადგურა.

სამადაშვილის თქმით, ევროპარლამენტში გამოსვლებისას საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა არავინ დაიშურა.

„ევროპარლამენტში ნათლად გამჟღავნდა, რომ „ქართული ოცნება“ არის მატყუარა ხალხისგან დაკომპლექტებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქართველ ხალხს უსირცხვილოდ ატყუებს. იმ ხალხმა, ვისაც „ქართული ოცნება“ სისტემატიურად ლანძღავს, თავს ესხმის და ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნიდან გააგდო, ნათელი განცხადება გააკეთა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. „ქართულმა ოცნებამ“ 700 ადამიანში ვერ მოძებნა ვერც ერთი, ვინც იტყოდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება რაიმე პოზიტიურს აკეთებს. პირიქით, ხელისუფლების მიმართ კრიტიკა არავინ დაიშურა, მათ შორის მათმა პარტიულმა პარტნიორებმა. „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელთა განცხადებები იყო ძალიან ნათელი, რომ ქვეყანას დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლა აქვს. არ მახსენდება მსგავსი დებატები, როცა ხელისუფლებას ევროპარლამენტში არც ერთი დამცველი არ ჰყავს, რაც აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაანადგურა ურთიერთობები ევროპულ პოლიტიკურ წრეებთან და მთავარი დაბრკოლება ქვეყნისთვის არის ეს ხელისუფლება. რა შეიცვალა აპრილის შემდეგ? – ეტყობა, მდინარაძეს გამოეპარა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ნიკა გვარამია დაეპატიმრებინათ. ამ რეზოლუციას ბიძგი მისცა გვარამიას დაპატიმრებამ და ხელისუფლებამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს სხვანაირად, ეს არის ის რეალობა, რაც გუშინ ევროპარლამენტში დავინახეთ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.