სალომე სამადაშვილი - აქციებთან და ბოიკოტთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციის დაფიქსირება ჯერ ადრეა
მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განუცხადა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას” შეახსენებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება არის დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობის უშუალო ჩართულობისა და თანამონაწილეობის პირობებში გასცა.
„თუ ვინმე იფიქრებს, რომ დაპირებული ცვლილებები არ განხორციელდეს, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია ხისტი და მკვეთრი იქნება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. იმედია, ხელისუფლება საღ აზრს გამოიჩენს და დაპირებას შეასრულებს. შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის შედგა, ორ კომპონენტს ეფუძნებოდა – საარჩევნო სისტემის შეცვლას და კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას, ასევე პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნის პროცესის შეჩერებას. თუ ამ ორი პირობიდან რომელირაც დაირღვევა, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება არ შედგა. შეთანხმება შემდგარად ვერ მიიჩნევა, სანამ პარლამენტში კენჭისყრა არ ჩატარდება და მასში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია და ხელისუფლება. ხელისუფლება თუ პირობას დაარღვევს, რაც თავად დადო, ცხადია, გართულდება საუბარი შეთანხმებაზე“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, „ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა საქმეებზეა საუბარი, რადგან ეს ყველაფერი დაფიქსირებული იყო საერთაშორისო მედიატორების თანამონაწილეობის პირობებში“.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ შეთანხმება არის ერთი პაკეტი, რომელიც უნდა შესრულდეს და ამ პირობებში მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც შეთანხმდა. შეთანხმება შედგება გარკვეული კომპონენტებისგან. ყველა კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანია. თუ პირობები დაირღვევა, ამით ხელისუფლება უფრო სერიოზულად დაზიანდება, ვიდრე ოპოზიცია. რაც შეეხება საპარლამენტო ბოიკოტს, იმ მოსაზრებებიდან ვიმოქმედებთ, რაც ჩვენი ხალხის ინტერესებში შედის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩვენი მონაწილეობა აუცილებელი იქნება იმ შედეგის მისაღებად, რასაც საზოგადოება ხელისუფლებისგან ითხოვს, განვიხილავთ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას. რაც შეეხება აქციებს, აქაც იმ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, რომ ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია და საზოგადოების ინტერესები არ დავაზიანოთ. ჯერ ადრეა საბოლოო პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.