სალომე სამადაშვილი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრობლემა რომ არ არსებობდეს, ამაზე მაიკ პომპეო უმაღლესი დონის შეხვედრაზე არ ისაუბრებდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს უთხრეს, რომ საქართველოს ხალხს მისცენ არჩევანის გაკეთების უფლება, რასაც ართმევენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„აი, ეს იყო ნათქვამი და ვისაც არ უნდა, რომ გაიგოს, რა თქმა უნდა, ვერ გაიგებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც მაიკ პომპეომ დააფიქსირა ჩვენი ქვეყნის მიმართ – ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროატლანტიკური მომავლის მიმართულებით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, საყურადღებო და შემაშფოთებელია ის პრობლემები, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საკუთარი გამოსვლის დროს წამოჭრა.
„ეს პრობლემები შეეხება საქართველოში დემოკრატიას და სამართლიან არჩევნებს, მართლმსაჯულების სისტემას და ასევე, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა სამადაშვილმა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აშშ-თან ურთიერთობები რეალურად, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას ეფუძნება, რომელიც ჩვენი ურთიერთობების ჩარჩოს განსაზღვრავს და ამ ქარტიის შესავალშივე ძალიან ნათლად არის გაცხადებული ის, რომ მეგობრობა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებობს, ეფუძნება საერთო ღირებულებებს და რწმენას იმაში, რომ ქვეყნის განვითარებისთვის და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის დემოკრატია საუკეთესო გზაა.
„შეიძლება ითქვას, სწორედ ამ საერთო ღირებულებების გარშემო არის აგებული ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა და შემაშფოთებელია ის, როდესაც ამ ქარტიის გაფორმების 10 წლის თავზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ სწორედ აქ არსებობს პრობლემები და ამას აცხადებს იმ კონტექსტში, რომ საქართველომ ძალიან გრძელი გზა გაიარა დემოკრატიულ სამყაროში საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად და მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა ეს არ დაკარგოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ადეკვატურია მისი და ოპოზიციის შეფასებები იმ ფონზე, როდესაც მაიკლ პომპეომ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო რეფორმების და განვითარების კუთხით სწორ გზას ადგას, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ უნდა განვასხვაოთ აშშ-დან ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერა და გზავნილები, რომელიც იმ ხალხისთვისაა განსაზღვრული, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, როგორ გატარდება სასამართლო რეფორმა და როგორ განხორციელდება ანაკლიის პორტის მშენებლობა.
„სწორედ ამ მიმართულებით იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კრიტიკული გზავნილები, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა, აშშ-ის მხარდაჭერის ადრესატი კი ქართველი ხალხია“, – განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრობლემა რომ არ არსებობდეს, ამ პროექტზე მაიკ პომპეო ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრაზე არ ისაუბრებდა.
„სწორედ ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი აშშ-იდან და ვფიქრობ, ეს ყველას ესმის“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.