სალომე სამადაშვილი ანაკლიის პორტის პროექტზე პარლამენტში კომიტეტის საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს
სალომე სამადაშვილი ანაკლიის პორტის პროექტზე პარლამენტში კომიტეტის საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში კომიტეტის საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საგანგებო სხდომა უნდა დაინიშნოს, რომელზეც ყველა კითხვას ღია ფორმატში უნდა გაეცეს პასუხი.

„რეალურად, ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკა გადავიდა დაბალანსების პოლიტიკიდან ღიად ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საგარეო პოლიტიკაზე. ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ასრულებს რუსეთის დავალებებს, მათ შორის ანაკლიის პორტის თემაზე. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც დავაყენებ, იქნება საგარეო კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევა ანაკლიის პორტის თემაზე, რომელიც აუცილებლად ღია სხდომა უნდა იყოს და ღია ფორმატში უნდა გაეცეს პასუხი ყველა კითხვას, რომელიც ანაკლიის პორტს უკავშირდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი შეფასებით, აშკარაა, რომ რუსეთი საქართველოს სუვერენული ინტერესების დათმობას ითხოვს.

„ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც დღის წესრიგში დგას, არის ანაკლიის პორტი. ამიტომ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დროს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. წერილობით უკვე მივმართე კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას, რომ უახლოეს დღეებში მოიწვიოს საგანგებო სხდომა ანაკლიის პორტის თემაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.