სალომე სამადაშვილი - ამნისტია არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, ტკივილს და შევძლოთ, წინ წავიდეთ
კრიზისი არ არის დასრულებული, ვიდრე სრული ოპოზიციური სპექტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს მე პირველ რიგში აქ, ამ დარბაზიდან მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ ნიკა მელია, მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ეს შეთანხმება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ გახდეს მართლაც ნაბიჯი წინ, რომ ქვეყანაში დავასრულოთ პოლარიზაცია, პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ უზრუნველყოფს იმას, რომ შემდეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაასრულებს საბოლოოდ პოლიტიკურ კრიზისს და გზას გაუხსნის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც უკანასკნელ დღეებში იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ეს არის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტია. ვერასდროს და ვერავინ ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან იმას, რაც იმ დღეს მოხდა, როდესაც დაიცვა ასობით ათასმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ვერც ამ პარლამენტის ისტორიიდან ამოიშლება ის დღე, როდესაც მე ჩემს მეგობრებთან ერთად აქ, ამ დარბაზიდან გავაძევეთ ბატონი გავრილოვი და სამწუხაროდ, ვერც ის დღე ამოიშლება, როდესაც ამ დარბაზში მოეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიას მის დასაპატიმრებლად. ამნისტია, ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ. იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, წარსულ ტკივილს და შევძლოთ, როგორც საზოგადოებამ რომ წინ წავიდეთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ქვეყანა წინ ვერ წავა, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის, რომ ეს ამნისტია მის უფლებებს არღვევს.
„ჩვენ უახლოეს დღეებში გვმართებს ძალიან ფართო, საზოგადოებრივი დისკუსია ამნისტიის კანონპროექტზე. ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ცხადია, ვიცავთ სულისკვეთებას იმ შეთანხმების, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. და ბოლოს, ამ ქვეყნის ისტორია არის სავსე მწვავე დაპირისპირებით, სავსე ტკივილით, სავსე მძიმე პოლიტიკური შეცდომებით და ეს შეთანხმება შესაძლებლობა იყო, მათ შორის ჩვენთვის, რომ მიგვეღწია მართლაც ფართო ეროვნული კონსენსუსისთვის და ბევრ საკითხზე დაგვეხურა, თუ შეიძლება ითქვას, ისტორიული თავი. დაგვეხურა ბევრი საკითხი, რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების წაგება და მოგება არის უბრალოდ ერთი მორიგი პოლიტიკური მოვლენა და არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყება, ვიღაცა მიიღებს ყველაფერს და ვიღაცა დაკარგავს ყველაფერს. ჯერჯერობით ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი, თუ ეს ხელშეკრულება შევძელით და მოვიყვანეთ სისრულეში, ჩვენ გვექნება კიდევ წინ შანსი, რომ გავაგრძელოთ სწორედ ამ გზით სიარული, ქვეყნის კონსოლიდაციის გზით სიარული“, – განაცხადა სამადაშვილმა.