სალომე სამადაშვილი - აშშ-ის ელჩის მხრიდან ნათლად გაცხადდა, რომ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან ძალიან ნათლად იყო გაცხადებული, რომ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, თუ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს, რომელიც ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება, პარტია მზადყოფნას გამოვთქვამს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭიროს.
„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან ძალიან ნათლად იყო გაცხადებული, რომ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს. რას ნიშნავს, ეს განცხადება? – ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს საბოლოოდ არ არის შესრულებული შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ მეორე ნაწილი, რაც შეეხება პოლიტიკურ, შერჩევით მართლმსაჯულებას, ასევე არ არის ბოლომდე შესრულებული. თუ ხელისუფლება გადადგამს რაიმე ნაბიჯებს, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება, ჩვენ ჩვენი მხრიდან მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დავუჭიროთ. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით ის სირთულეები, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, მათ შორის გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით. მაშინ, როცა სახალხო დამცველი პარლამენტში აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულება რურუას წინააღმდეგ იმ საქმეზე, რომელზეც ის დაკავებულია და ამ დროს ხელისუფლება არის ძალიან აქტიურად დაკავებული პროპაგანდით რურუას წინააღმდეგ, მათ შორის მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ხარჯზე, ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში კარგად ესმით ის გამოწვევა, რის წინაშეც ვდგავართ. ეს არ არის მხოლოდ რურუას საქმე, ეს ეხება პოლიტიკურ გარემოს, რომლის პირობებშიც არჩევნებისკენ მივდივართ. იქნება იმედგაცრუება, რადგან ყველა ელოდა, რომ კონსენსუსი იქნებოდა, მაგრამ ბერკეტები ხელში ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უჭირავთ. ეს ბერკეტები გამოიყენონ და პოლიტიკური კონსენსუსი შედგება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ „ყველას სურს, იხილოს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი სრულდება“. ამასთან, კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მრავალპარტიული მხარდაჭერა ექნება.