სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის პერიოდი იყო სრული კრახი და უკიდურესი იმედგაცრუება
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის პერიოდი იყო სრული კრახი და უკიდურესი იმედგაცრუება.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე იტყვის, რომ მისი ცხოვრება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე რვა წლის წინ იყო.
„საზოგადოების მოლოდინი ხელისუფლების მიმართ ის იყო, რასაც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხი მთავრობისგან ელოდება. ეს არის მათი კეთილდღეობის, დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის პერიოდი იყო სრული კრახი და უკიდურესი იმედგაცრუება. მხოლოდ ეროვნული ვალუტა არის საკმარისი იმის დასანახად, რომ საქართველოს მოქალაქეები ბევრად უფრო გაღარიბებული არიან და ცხოვრება უფრო უჭირთ, ვიდრე რვა წლის წინ. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ კრიმინალი გაიზარდა და ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ. რაც შეეხება უსაფრთხოებას, გასული რვა წლის მანძილზე, რუსეთმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით უზარმაზარი ტერიტორიები მიითვისა ისე, რომ არანაირი ფასის გადახდა არ მოუწია. ეს იყო წარმატებული წლები „ქართული ოცნების“ მმართველი კორუმპირებული ელიტისთვის, რადგან ქვეყანაში კორუფცია სამჯერ გაიზარდა. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა უკიდურესად დადებითად შეაფასებენ რვა წელს”, – განაცხადა სამადაშვილმა.