სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხელისუფლება სამართლებრივ აბსურდშია
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხელისუფლება სამართლებრივ აბსურდშია შესული.
ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილი მთავარი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, განცხადებაში საუბარია, რომ მელიას სადეპუტატო საქმიანობაში ხელი არ შეეშლება, მეორე მხრივ კი, მას უფლება არ ჰქონდა, გუშინ გადაცემაში მისულიყო.
„სადეპუტატო ვალდებულებების განხორციელება მხოლოდ პარლამენტში მოსვლას და სხდომაზე დასწრებას არ ნიშნავს. სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება არის, როგორც ტელევიზიაში მისვლა, ასევე ამომრჩეველთან შეხვედრა, რადგან პარლამენტში ჩვენ ამომრჩევლებს წარმოვადგენთ. ამ აბსურდიდან რაც უფრო მალე გამოვა ბიძინა ივანიშვილი, მისი პოლიტიკური გუნდი და რაც უფრო სწრაფად შეწყვეტენ მელიას სამართლებრივ დევნასა და მოხსნიან სამაჯურს, მით უფრო ნაკლები უხერხულობის წინაშე აღმოჩნდება დღევანდელი ხელისუფლება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.