სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისივე თქმით, პარტია მოითხოვს, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში არ შემოუშვან.

„დღეს ვხედავთ, რომ რუსეთს რამდენიმე ფრონტის ხაზი აქვს გახსნილი ჩვენს ქვეყანაში, რათა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ევროატლანტისკური გზიდან შეცვალოს. ერთ-ერთი ეს ფრონტის ხაზი სწორედ ფსევდო-რელიგიური ერთობის თემის წინ წამოწევაზე გადის. ამის შემადგენელი ნაწილია ის, რაც უახლოეს დღეებში საქართველოში მოხდება, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა შეიკრიბება.

ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ აღნიშნული ასამბლეის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს, რადგან ასამბლეის გახსნისას სიტყვით სერგეი გავრილოვი მიმართავს. ის გავრილოვი, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე უკრაინასა და მოლდოვაში აქტიურად იბრძვის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ; რომელიც ჩვენს ქვეყნებზე მთავარ ზეგავლენის ბერკეტად, პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით რელიგიას განიხილავს; რომელიც ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეა, რადგან ისინი ერთად მონაწილეობდნენ და უწყობდნენ ხელს ლებედს მის საარჩევნო კამპანიაში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი განკარგულება დაუყოვნებლივ უნდა გასცეს, რომ გავრილოვს არ მიეცეს შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში შემოვიდეს და სახელმწიფოს საზღვარი გადაკვეთოს. ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რადგან მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს. სწორედ ეს არის ის გზა, რომლითაც სახელმწიფო დღეს რუსეთს უნდა უპირისპირდებოდეს იმ თავდასხმაში, რომელსაც ჩვენს ქვეყანაზე ახორციელებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ღონისძიების იმ პროგრამას დასთანხმდა, რომელშიც გავრილოვი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი და მთავარი გამომსვლელია.

„ქუცნაშვილმა და კობახიძემ, რომლებმაც ამ ღონისძიებაზე დასასწრებად მოწვევა გამოგვიგზავნეს, ქართულ საზოგადოებას აუხსნან, რა პრინციპით და რა ლოგიკით აპირებენ ჩვენს ქვეყანაში გავრილოვისა და სხვების შემოშვებას. ოკუპაციის შესახებ კანონი გავრილოვს დარღვეული აქვს არა ერთხელ. ის სადამ ჰუსეინის მთავარი მოკავშირე იყო და არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებს. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ ფუჭი საუბარი ეყოფა იმაზე, თითქოს აპირებს, ჩვენს ქვეყანაში რუსეთს ებრძოლოს და ქმედითი ღონისძიებები გაატაროს, რათა დავინახოთ, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც რაღაცით მაინც ცდილობს დაუპირისპირდეს იმ შეტევას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოზე ყოველდღიურად იზრდება. ამას უკანასკნელ დღეებში ჩვენს ქუჩებში ვხედავთ. როდესაც რუსეთის ხელშეწყობით ფაშისტური მოწოდებები ისმის. რომელიც პირდაპირ თავს ესხმის ჩვენს მომავალს ევროპაში. დროა, საზოგადოებას „ქართულმა ოცნებამ“ განუცხადოს ვის მხარესაა. გავრილოვის, ვასაძისა და მსგავსი პერსონაჟების, თუ სახელმწიფოს მხარეს. უკვე ეჭვი არ მეპარება „ქართული ოცნება“ სად დგას. მოვითხოვ, დაფიქსირდეს „ქართული ოცნების“ პოზიცია, მათ შორის გავრილოვის შემოშვებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუცნაშვილი, კობახიძე და პარლამენტის უმრავლესობა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ თავად თანამონაწილეობს იმ ომში, რომელიც რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს გამოუცხადა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა 19 ივნისს გაიხსნება და 23 ივნისამდე გაგრძელდება.