სალომე სამადაშვილი - აბრაამ ლინკოლნის სიტყვებისთვის თუ მთხოვენ ბოდიშის მოხდას, ამაზე ბოდიშს არ მოვიხდი
ვერ გავიგე რისთვის მთხოვენ ბოდიშის მოხდას, აბრაამ ლინკოლნის სიტყვებისთვის თუ მთხოვენ ბოდიშის მოხდას, რომ ბრბოს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება არის ცუდი საზოგადოებისთვის, ამაზე ბოდიშს არ მოვიხდი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
სალომე სამადაშვილმა ბათუმში ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენების დაყრის საკითხსა და სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე ისაუბრა.
„ჩემს პოსტში მოვიყვანე აბრაამ ლინკოლნის სიტყვები – ბრბოს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება, ამან გამოიწვია აღშფოთება. მესმის, რომ რიგით ადამიანს არ ესმის რას ნიშნავს ბრბოს მართლმსაჯულებას, როდესაც გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც 30 წელია, პოლიტიკურ ასპარეზზეა, ამისთვის ითხოვს ბოდიშის მოხდას ჩემგან, არ ვიცი. ვერ გავიგე რისთვის მთხოვენ ბოდიშის მოხდას, აბრაამ ლინკოლნის სიტყვებისთვის თუ მთხოვენ ბოდიშის მოხდას, რომ ბრბოს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება არის ცუდი საზოგადოებისთვის, ამაზე ბოდიშს არ მოვიხდი, რადგან მართლაც ცუდია საზოგადოებისთვის და იღებს ძალიან უსიამოვნო ფორმებს. დღესაც ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც არ არის კანონის უზენაესობა, მაგალითად აფრიკის ძალიან ბევრ სახელმწიფოში არამხოლოდ ნაგავს აყრიან ადამიანებს, არამედ ჩამოაცვამენ საბურავს ხელებიც რომ შებოჭილი ჰქონდეს და თავზე ნაგავს აყრიან. ვინმეს მოსწონს ეს? ამიტომ ცოტა კოგნიტიური დისონანსი ვისაც აქვს, საერთოდ არ შეუძლია ლოგიკური აზროვნება და ლოგიკური კატეგორიებით მოვლენების შეფასება,ალბათ არც იმაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა იყოს და განაგოს სხვა ადამიანების ბედი. ჩვენ პოლიტიკოსებს იმიტომ ვირჩევთ, რომ მათ დაალაგონ საზოგადოება და ეს შეუძლიათ გააკეთონ უკეთ, ვიდრე რიგით მოქალაქეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.