სალომე ქურასბედიანი - ვენეციის კომისია აპელირებს, თითქოს კანონი ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული, სინამდვილეში, განხილვა სტანდარტული პროცედურით, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა
ვენეციის დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონის საბოლოო ტექსტი, მასში შეტანილი დამატებითი ცვლილებებით, დაუყოვნებლივ არ გასაჯაროებულა. ამ ინფორმაციის გახმოვანებისას ვენეციის კომისია ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტსტატიას ეყრდნობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
დასკვნაში ასახულ ძირითად საკითხებზე საუბრისას ქურასბედიანმა განმარტა, რომ დაზუსტებები კანონპროექტში მეორე მოსმენით განხილვისას შევიდა და პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა.
მისივე თქმით, „ვენეციის კომისიის აპელირება, თითქოს კანონი ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მის დამტკიცებას წინ უძღოდა მრავალსაათიანი საკომიტეტო და პლენარული სხდომები, რაშიც ჩართული იყო როგორც რადიკალური ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორი“.
„სინამდვილეში, აღნიშნული დაზუსტებები კანონპროექტში შევიტანეთ მისი მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვასიტყვით გაჟღერდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შესაბამისად, ეს დაზუსტებები ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა. ამასთანავე, ვენეციის კომისია აპელირებს, თითქოს კანონი ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული და თითქოს მის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონიათ. სინამდვილეში, შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის განხილვა სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა, სადაც რადიკალური ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენილი. ყველას გვახსოვს, განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მონაწილეობდნენ“, – განაცხადა ქურასბედიანმა.
ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეფასება გამოაქვეყნა.