სალხინოს სკოლა-გიმნაზიის პრორექტორი - რადგან მეუფე პეტრე არ იქნება ჩვენი სკოლის ხელმძღვანელი, ჩემს თავს აქ ვეღარ ვხედავ
სალხინოში, ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო სკოლა-გიმნაზიის პრორექტორმა, მამუკა დანელიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
როგორც დანელია ამბობს, აღნიშნული სკოლა-პანსიონი მეუფე პეტრეს დაარსებულია, ამ დრომდე პატრონაჟს უწევს და მეუფის გარეშე სკოლაში მისი ადგილი არ არის.
„ეს სკოლა არის სპეციფიკური, აქ სწავლობენ შეჭირვებული, ობოლი ბავშვები და აბსოლუტურად უსასყიდლოდ ფუნქციონირებს. აქ ბავშვები იკვებებიან. გუშინ ძალიან ემოციური დღე იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაპირებთ გაფიცვას. ასე არ არის. მეუფემ საჭიროდ ჩათვალა დამშვიდობება ბავშვებთან და პედაგოგებთან. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მეუფე პეტრე არ იქნება ამ სკოლის ხელმძღვანელი, ჩემს თავს მე აქ ვეღარ ვხედავ“, – განაცხადა სკოლა-პანსიონის პრორექტორმა, მამუკა დანელიამ.
საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.