სალიბაურის მცხოვრებლებმა წყლის მიწოდების მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს
სალიბაურის მცხოვრებლებმა წყლის მიწოდების მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს

სოფელ სალიბაურის მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. ისინი სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ერთი თვეა, წყალი არ მიეწოდებათ და რეაგირებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან ითხოვენ.

„ერთი თვეა, ამ მდგომარეობაში ვართ, სოფელში გამართულ აქციაზე მოვიდა ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და დაგვპირდა, რომ პრობლემა ორ დღეში ნაწილობრივ მაინც მოგვარდებოდა. შედეგი არ ჩანს“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეუერთდნენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს მოუწოდებენ, რეაგირება მოახდინოს ხელვაჩაურის მერის ქმედებებზე, რომელიც, მათი განცხადებით, კორუფციაშია ჩართული. ოპოზიციის წარმომადგენლებს პრეტენზია აქვთ სალიბაურის წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ წყლის პრობლემის მოგვარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.

სალიბაურის მცხოვრებლებმა ორი დღის წინ სოფლის გზა გადაკეტეს. მათთან ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მივიდა, რომელმაც ახალი სისტემის უმოქმედობის მიზეზად გვალვა დაასახელა და ადგილობრივებს პრობლემის უმოკლეს დროში მოგვარების პირობა მისცა.