თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში მცხოვრებ 21 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. ისინი დიდი დიღმის II მ/რ-ის 27ა-ში 90- იანი წლებიდან ცხოვრობენ, თუმცა წლების განმავლობაში საცხოვრებლების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
„ამ პროექტის განხორციელება მაშინვე დავიწყეთ, როგორც კი ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექით. ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვისაუბრე ამ პროექტთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ ჩვენ დავეხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებდათ. ადამიანები წლები ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, ბინებში და სხვადასხვა პრობლემის გამო დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. დღეის მდგომარეობით 800-ზე მეტი ოჯახი დავაკმაყოფილეთ, გადავეცით საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. ყველას, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, მინდა ვუთხრა, მიმართონ მათი რაიონების გამგეობებს. იქ ყველაფერს აგიხსნიან, დაგეხმარებიან, რომ თქვენივე საცხოვრებელი ფართების დაკანონება შეძლოთ. ვაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერთან ერთად დიდ დიღომში ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოს დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და სხვა პირები იმყოფებოდნენ.