საკრედიტო-საგარანტიო სქემა სავარაუდოდ მაისის ბოლოდან ამოქმედდება და მასში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან
საკრედიტო-საგარანტიო სქემა სავარაუდოდ მაისის ბოლოდან ამოქმედდება და მასში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან

ეკონომიკის სამინისტრო საკრედიტო-საგარანტიო სქემასთან დაკავშირებით შესაბამის განკარგულებაში ცვლილებებს სავარაუდოდ მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ აქტით დამტკიცდება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სარგებლობის საბოლოო წესები, რაზეც უწყებამ საჯარო პრეზენტაციები უკვე გამართა.

მინისტრი ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამა სავარაუდოდ მაისის ბოლოდან ამოქმედდება და მასში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ერთვებიან.

„ამასობაში, ახალი ანტიკრიზისული ბიუჯეტი და ცვლილებები შევა პარლამენტში და დიდი იმედი მაქვს, სწრაფად დამტკიცდება. უკვე მაისის ბოლოდან, ამ ბიუჯეტის დამტკიცების კვალობაზე, შევძლებთ, ამ პროგრამის ამოქმედებას. ყველა ბანკმა გამოხატა ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი და უფრო მეტიც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებიც ასევ ჩავრთეთ, რომ არ დაზარალდნენ და არ დაიჩაგრონ მათი კლიენტები, უკვე ხელშეკრულებებს ვდებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, საკრედიტო-საგარანტიო სქემის განსახორციელებლად განსაზღვრულია 300 მლნ ლარის გამოყოფა. სქემის ფარგლებში სახელმწიფო ბიზნესისთვის სესხებზე გარანტიას გასცემს და სესხების თანაუზრუნველყოფას მოახდენს. გარდა ახალი სესხებისა, პროგრამა ბიზნესს დაეხმარება არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის მხრივაც. უკვე საუბარია სესხებზე როგორც კომერციული ბანკებიდან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.