საკრებულოში დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები კეთდება
საკრებულოში დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები კეთდება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები კეთდება.

ოპოზიციის წევრთა განცხადებით, ქაოტურ განაშენიანებას გენერალური გეგმა ვერ უშველის, თუ მერიის უფლება არ შეიზღუდა ზონის სტატუსის ცვლილებისა და კოეფიციენტების გაყიდვის კუთხით.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მერიის მოთხოვნით გენერალური გეგმა გამოფიტული დოკუმენტია და 10 ტომი 1 200 გვერდამდეა შემცირებული.

„ისე საუბრობთ, თითქოს „სითი ინსტიტუტთან“ მოლაპარაკების ჩაშლაზე არ იყოს საუბარი. სადღეგრძელოების მეტი არაფერი წერია. თურმე სამჯერ მეტი უნდა იყოს გამწვანება, სად უნდა იყოს მითითებული არ არის. დეტალურად მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც დოკუმენტის შინაარსობრივი განხილვა იქნება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებას საკრებულოს ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, რევაზ სოხაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ საერთოდ არ იცის რას ნიშნავს გენგეგმა.

„გაგებაში არ ხართ, საერთოდ გენგეგმა რას ნიშნავს. არც იმ 1200 გვერდიდან არ წაგიკითხავთ არაფერი. რაც შეეხება კოეფიციენტებს, ბოლო პერიოდში მერიის მიმართ დეველოპერების გაზრდილი უკმაყოფილება სწორედ იმის გამოა, რომ გადაჭარბებით აღარ ხდება კოეფიციენტების გაცემა. რაც უფრო ხმამაღლა ილაპარაკებთ უაზრობებს, უფრო საფუძვლიანი არ იქნება. ჯობს ხმადაბლა და გონივრულად ისაუბროთ”, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.