საქართველოს თავდაცვის ძალები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას აგრძელებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით რეგისტრაციის მსურველი საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით რეგისტრაციის სხვადასხვა პუნქტს მიმართავენ. დღეს, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის მსურველი მოქალაქეები ეროვნულ გვარდიაშიც იმყოფებოდნენ. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სამსახურის პირობები დეტალურად გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
„საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეები მიიღებიან. მათ გაუფორმდებათ 4-წლიანი კონტრაქტი. სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტის უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რიგითის მინიმალური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1050 ლარს, რაც იზრდება წოდების მიხედვით.
მეორე და ყოველი შემდგომი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო, ერთჯერადი ბონუსის სახით 7000 ლარს მიიღებს; სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ საზღვარგარეთ სხვადასხვა კურსებზე.
საბუთების მიღება გამარტივებული წესით იწარმოება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 16:00 საათამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ: onlinebct.mod.gov.ge საქართველოს მასშტაბით რეკრუტირების მობილურ ცენტრებსა და შემდეგ ლოკაციებზე: სენაკი, ბათუმი, ახალციხე, გორი, ქუთაისი, თელავი, თბილისი. საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 595 06-03-44“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.