გადაწყვეტილება დაცვის პოლიციის მიერ მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსების არაკონსტიტუციურად ცნობაზე მომავალი წლიდან შევა ძალაში
გადაწყვეტილება დაცვის პოლიციის მიერ მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსების არაკონსტიტუციურად ცნობაზე მომავალი წლიდან შევა ძალაში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინიტროს დაცვის პოლიციის მიერ ერთდროულად დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, ძალაში 2019 წლის პირველი ივლისიდან შედის.

ამ თემაზე კინსტიტუციონალისტმა ლევან მახარაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. გადაწყვეტილება  მოსამართლეთა კოლეგიამ 14 დეკემბერს გამოაცხადა.

მახარაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო სასმართლოში სადავო ნორმები რამდენიმე კერძო დაცვის კომპანიამ გაასაჩივრა.

სარჩელის ავტორის თქმით, აქამდე არსებული ნორმები ბაზარზე არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნიდა კერძო დაცვის კომპანიებს კი არათანაბარ პირობებში აყენებდა.

„სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები და დაადასტურა, რომ სახელმწიფო, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობით უხეშად ერევა კერძო დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში, რითიც შეუძლებელს ხდის თავისუფალ და კონკურენტუნარიან საქმიანობას, ვინაიდან ერთის მხრივ, თავად ახორციელებს იმავე ბიზნესს, მეორეს მხრივ კი კონკურენტების მიმართ გააჩნია მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქცია.

არაკონსტიტუციური ნორმები ქმნიან ისეთ უსამართლოს პრაქტიკას, როდესაც კერძო დაცვის ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობის შედეგიანობა, პირდაპირ დამოკიდებულია კონკურენტის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კეთილ ნებაზე, რაც შეუძლებელს ხდის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას”, – აცხადებს მახარაშვილი.

მისი თქმით, დაცვის კომპანიებთან ერთად უკვე დაწყებულია მუშაობა კანონპროექტზე, რომელსაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში წარუდგენენ. ახალი კანონპროექტი იურისტის მტკიცებით, შეამცირებს  ელიტური კორუფციის რისკებსაც.

„ამ დაკანონებული უსამართლობის შედეგად წლების განმავლობაში მილიონობით ლარი ილექება შსს-ს იმ მაღალჩინოსანთა ჯიბეებში, რომლებიც ხელოვნურად აკოტრებენ კერძო დაცვით კომპანიებს. ეს მანკიერი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება „კორუფციის წინააღმდეგ“ გაერო-ს კონვენციის, მე-12 მუხლს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას, რომ კერძო სექტორის რეგულირება იყოს გამჭვირვალე და საჯარო პირებს არ გააჩნდეთ ინტერესთა კონფლიქტი ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის 2019 წლის პირველი ივლისიდან. ევროპის ქვეყნების საუკეთესო მოდელების შესწავლის შედეგად, ჩვენ შევიმუშავებთ განსახორციელებელი ცვლილების მოდელს, რომელსაც შევთავაზებთ სათანადო ორგანოებს, ასევე ზედმიწევნით დავაკვირდებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების პროცესს, რომ ისევ არ დარჩეს ცარიელი სივრცე ელიტური კორუფციის წასახალისებლად”, – განაცხადა მახარაშვილმა.