საკონსტიტუციო სასამართლოში ვასილ როინიშვილის ფიცის დადების ცერემონიას სალომე ზურაბიშვილი დაესწრო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის, ვასილ როინიშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 29 მაისს აირჩიეს.
ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო.
ფიცის დადების ცერემონიის პარალელურად, პარტია „ლელოს“ წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ალტერნატივას“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ პროტესტის ნიშნად საკონსტიტუციო სასამართლოსთან ლობიო მიიტანეს და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
„ვასილ როინიშვილის დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოში ნიშნავს ზურაბ ადეიშვილის დაბრუნებას სასამართლოს სისტემაში, რაც არის ღალატი კონსტიტუციისა და სახელმწიფოსი. გვაინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი რამდენად ბედნიერია, რომ სასამართლო სისტემაში ადეიშვილს აბრუნებს“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ.
„20 ივნისის ღამეს ახალგაზრდებს თვალებს თხრიდნენ, სალომე ზურაბიშვილი სალობიეში დადიოდა. როცა გიორგი გაბუნიამ განცხადება გააკეთა, სალომემ პუტინს ბოდიში მოუხადა. ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი მსახურია რუსეთის და ბიძინა ივანიშვილის მონაა“,- განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრებმა.