საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველის სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხზე მსჯელობენ
საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველის სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხზე მსჯელობენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს. სასამართლოს მეორე კოლეგია განმწესრიგებელ სხდომაზე მსჯელობს, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს, რომელშიც ომბუდსმენი სადავოდ და კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმას, რომელიც აქციის მონაწილეებს გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს, ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ კარვის, პლაკატის, ტრანსპარანტის, ან აფიშის განთავსებას უკრძალავს.

სარჩელში საუბარია სხვადასხვა შემთხვევაზე, როცა კარვის გაშლის უფლება მოქალაქეებს შეუზღუდეს. სარჩელში საუბარია 2018 წლის 11 სექტემბერზეც, როცა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე შვილმოკლული მამების მხარდამჭერ აქციაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს კარვის გაშლის უფლება და განმარტეს, რომ ეს საჭიროებდა სპეციალურ ნებართვას.

სახალხო დამცველის განმარტებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის თავისუფლებას, რაც მოიაზრებს შეკრების ადგილზე რაიმე ობიექტის განთავსების შესაძლებლობასაც.

მოსარჩელის პოზიციით, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია, კარვის განთავსება წარმოადგენდეს შეკრების ან მანიფესტაციის უფლების რეალიზებისათვის აუცილებელ საშუალებას, სადავო ნორმა კი ბლანკეტურად კრძალავს გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი დროებითი კონსტრუქციის განთავსებას.