საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა
საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც მოსამართლეობის კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე გასაუბრების წესის კონსტიტუციურობაზე მსჯელობენ, მოსარჩელე მხარემ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა.
მოსარჩელის ინტერესების დამცველის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ევა გოცირიძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და თავად მონაწილეობდა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომლითაც კანდიდატებთან გასაუბრების ნაწილი დახურულად გამოცხადდა, ამდენად მოსარჩელის პოზიციით, ის ვერ იქნება საკითხის განხილვაში ობიექტური.
მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე მხარეც დაეთანხმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ევა გოცირიძე სადავო ნორმის მიღების პროცესში მონაწილეობდა.
თავად ევა გოცირიძემ განაცხადა, რომ ის მონაწილეობდა საკითხის განხილვაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, დაუჭირა თუ არა მხარი გადაწყვეტილებას, იქნება მიუკერძოებელი. თუმცა, მისივე თქმით, არსებობს ობიექტური გარემოებები, ამიტომ დაემორჩილება კოლეგების გადაწყვეტილებას.
მოსამართლის აცილების საკითხი სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ხმათა უმრავლესობით უნდა გადაწყვიტოს. სხდომა შეწყდა. მოსამართლეები სათათბირო ოთახში გავიდნენ.
მოსამართლეობის კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე გასაუბრების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ასაჩივრებს.