საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია ნორმები, რომლებითაც მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების წინაპირობები განისაზღვრება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 11 თებერვალს, 12:00 საათზე, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განმწესრიგებელი სხდომა გაიმართება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, რომელთა საფუძველზეც პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების წინაპირობები განისაზღვრება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელეთათვის სადავო რეგულირების პრობლემურობა იმაში გამოიხატება, რომ პირისათვის ზემოაღნიშნული სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული შვილი, ამასთანავე, თუკი ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილი არ არის ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ.
„მოსარჩელე მხარის განმარტებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრისას სადავო ნორმები არ ეყრდნობა აღნიშნულ პირთა რეალურ საჭიროებებს და ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე ადგენს, მარტოხელა მშობელი იმსახურებს თუ არა შესაბამის სტატუსს. კერძოდ, არც შვილის რეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადების ფაქტი და არც ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის არსებობა არ არის დაკავშირებული აწმყოში მშობლის მარტოხელად ყოფნის ფაქტსა და მისგან მომდინარე საჭიროებებთან.
პირისათვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს იმ გარემოების შეფასება, რეალურად და ფაქტობრივად რამდენად დამოუკიდებლად ზრდის პირი საკუთარ არასრულწლოვან შვილს. სადავო რეგულირების მოქმედების შედეგად კი ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მიიღონ შესაბამისი სტატუსი და ისარგებლონ კანონმდებლობით დადგენილი სხვადასხვა სახის პრივილეგიებით“, – აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას, ამავე დროს, გაუმართლებლად ზღუდავს ოჯახის კეთილდღეობისა და დედათა და ბავშვთა კონსტიტუციურ უფლებებს და არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი.
საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.