საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონის არსებითი განხილვა მიმდინარეობს
საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. მოსმენების კანონის არსებით განხილვას დღეს უკვე მეორედ დაუბრუნდა.
გამწესრიგებელ სხდომაზე პლენუმმა ოპერატიულ- ტექნიკური სააგენეტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების პოზიციები მოისმინა. სასამართლოში ასევე იმყოფებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შემდეგ სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.
“ჩვენ მიგვაჩნია რომ რეალური ცვლილება ახალი საკანონმდებლო ნორმებით არ მომხდარა, პრობლემები, რომლის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ თავის დროზე ეს ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო, ვგულისხმობ 2016 წლის გადაწყვეტილებას, კვლავ ძალაში რჩება. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ მიიჩნია, რომ აქ რაღაც გარკვეული პრობლემებია, რომლებზეც შესაძლებელია მსჯელობა და მათი კონსტიტუციურობის შემოწმება” ,- განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, მიხეილ შარაშიძემ.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
“შესავალ სიტყვაში ყველა იმ ძირითად პრობლემაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რაც კანონმდებლობაში არსებობს, მათ შორის, სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხზე სუს-ის მიმართ. მართალია ფორმალურად შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მაგრამ ეს სუბიექტი კვლავაც ექვემდებარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რაც უკვე ქმნის მისი მხრიდან კანონგარეშე მიზნებით პრესონალური მონაცემების დამუშავების საფრთხეებს”, – აცხადებს “იემსის” იურისტი გურამ იმნაძე
საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს მაშინდელი მოქმედი კანონი არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებული ახალი რეგულაციები ისევ გასაჩივრდა. შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც აღმოჩნდა ე.წ. მოსმენების გასაღები, თუმცა მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სააგენტო რეალურად ექვემდებარება სუს-ს და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის საეჭვო.
კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს 326 მოქალაქემ მიმართა, მათ შორის სახალხო დამცველმა. მეგობრის სტატუსით დარეგისტრირდა პრეზიდენტის წერილობითი შუამდგომლობაც.
არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ვერ უზრუნველყოფს.