საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომა დღეს განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა დღეს 12:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ სარჩელთან დაკავშირებით პროკურატურის, პარლამენტის წარმომადგენლებისა და კონსტიტუციონალისტების პოზიციები მოისმინა.
მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელში სისხლის სამართლისა და პატიმრობის კოდექსის რამდენიმე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მათგან ერთ-ერთი მთავარი ე.წ. გაუთქმელობის ვალდებულების ნორმას ეხება.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ე.წ. გაუთქმელობის ვალდებულებამ და კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილმა დღეისთვის მოქმედმა სხვა ნორმებმა მათ დეკანოზის სრულყოფილად დაცვის საშუალება არ მისცა, რადგან მათი განცხადებით, ნორმები ბუნდოვანია და პროკურატურას ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს, რის გამოც მათ მოწმეთა გამოკითხვები ვერ მოახერხეს, ვერ გამოიყენეს კერძო ექსპერტიზა და დაცვის სხვა სახის მექანიზმები.
განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ იმსჯელებს კოლეგია, მიიღოს თუ არა არსებითი განხილვისთვის წარმოებაში სარჩელი, თუმცა როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება, ჯერ უცნობია. მოსამართლეებს განხილვისთვის რამდენიმეთვიანი ვადა აქვთ.