საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებულმა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ფიცი დადო
საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებულმა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ფიცი დადო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია პანდემიის გამო ნახევრად ცარიელ დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სასამართლოს აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მეცხრე მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.

ხვიჩა კიკილაშვილი 2006-2020 წლებში ახორციელებდა მოსამართლის უფლებამოსილებას საერთო სასამართლოებში, კერძოდ: სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (2006-2011 წწ.), ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (2011-2013 წწ. და 2017-2019 წწ.), ბათუმის საქალაქო სასამართლოში (2013-2016 წწ.), 2019 წლიდან კი მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. 1994-2006 წლებში იგი მუშაობდა პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე. 1994 წელს მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

2020 წლის 3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ ხვიჩა კიკილაშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.