საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებებზე პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ
საკონსტიტუციო სასამართლოს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელით მიმართეს. მოქალაქე ნიკოლოზ ექიზაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაზე პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ის ოდენობა (0,00002 გრამი ამფეტამინი და 0,000097 გრამი მეტამფეტამინი), რის გამოც პატიმრობა მიუსაჯეს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას საფრთხეს არ უქმნის, რადგან მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობაა.
ნიკოლოზ ექიზაშვილი მიიჩნევს, რომ დასახელებული ქმედებებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
არსებული კანონმდებლობით, დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, კვალიფიცირდება როგორც დიდი ოდენობა, განურჩევლად იმისა, გამოსადეგია თუ არა იგი მოსახმარად.
საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნულ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა უკვე გაიმართა. ამ ეტაპზე უცნობია საქმის არსებითი განხილვის ვადები.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.