საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის წინააღმდეგ  აქცია მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გადავარჩინოთ ჩვენი შვილების მომავალი, ნარკოტიკი-გზა ჯოჯოხეთისკენ,- ამ შინაარსის ტრანსფარანტებით სასულიერო პირები და მრევლი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას უკავშირდება. მათი თქმით, აქცია​ ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.

აქციაზე ჯერ არ გამოჩენილა თავად მეუფე დიმიტრი. ბათუმ-ლაზეთის ეპარქიამ განცხადება აქციის თაობაზე გუშინ გაავრცელა.

„30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ. ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, რადგან დაბოლილი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას, პედაგოგობას, ექიმობას და ასე შემდეგ. ასევე, „დაბოლილი” ადამიანები ვერ შეძლებენ მამობას და დედობას, რაც განაპირობებს ერის დეგრადაციას და განადგურებას. ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი შვილების არიდება კანაფის მოხმარებისგან მაშინ, როცა კანონი იყო მკაცრი და მით უმეტეს დღეს რაოდენ უძლური ვიქნებით ავარიდოთ ჩვენი შვილები ამ საწამლავს! ამიტომ გვმართებს ერთობა, რომ შევძლოთ ჩვენი მომავლის გადარჩენა”, – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.