საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის არსებული წესის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მოქალაქე გიორგი ლაბაძის სარჩელს განიხილავს.
კერძოდ, სასამართლოს პლენუმი მსჯელობს საკითხზე, რამდენად კონსტიტუციურია პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის არსებული წესი.
დღეს მოქმედი წესის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისათვის სავალდებულოა პარტიის არანაკლებ 1 000 წევრის სიის წარდგენა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გაუმართლებლად იზღუდება პოლიტიკური პარტიის შექმნის კონსტიტუციური უფლება. კერძოდ, პარტიის წევრთა სავალდებულო რაოდენობად არანაკლებ 1 000 წევრის განსაზღვრა არათანაზომიერია, რადგან პოლიტიკურმა პარტიამ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, შესაძლებელია, განახორციელოს წევრთა გაცილებით მცირე რაოდენობითაც.
„ქვეყანაში შეიცვალა მმართველობის მოდელი, საპრეზიდენტო მმართველობიდან გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე, სარჩელის ერთ-ერთი მოტივი სწორედ ეს არის, რადგან პარლამენტს უკვე ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა, რაც პარტიათა თავისუფალ განვითარებას მოითხოვს”, – განაცხადა მოსარჩელე გიორგი ლაბაძემ.
მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარ ინტერესებს თავად იცავს.