მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესთან დაკავშირებით სადავო ნორმების შეჩერებაზე ომბუდსმენის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესთან დაკავშირებით სადავო ნორმების შეჩერებაზე ომბუდსმენის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

სახალხო დამცველის აპარატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელზე ინფორმაციას ავრცელებს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის შუამდგომლობა, რომელშიც მოთხოვნილი იყო საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ნორმების შეჩერება.

თუმცა, მათივე ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა სადავო ნორმების შეჩერების მიზანშეწონილობის საკითხის კვლავ განხილვა, მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს 2 წევრის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის გამო გამოცხადდება კანდიდატთა შერჩევის ახალი პროცედურა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის 20 დეკემბერს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის კონსტიტუციურობას.

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევის წესი, რომლის დროსაც, არ ხდება დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის დასაბუთება.

საოქმო ჩანაწერის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო ორი მიმართულებით შეაფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას:

რამდენად არღვევს მოქმედი რეგულაცია საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას.

იწვევს თუ არა მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას იმ თვალსაზრისით, რომ მათი საქმე შეიძლება განიხილოს გაუმჭვირვალე პროცედურის შედეგად შერჩეულმა მოსამართლეებმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებაში პირველად განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე გულისხმობს პირის უფლებას, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს კონსტიტუციური სტანდარტის შესაბამისად დაკომპლექტებულ სასამართლოს. ამავდროულად, პლენუმმა დაადგინა, რომ ყველა სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება დაექვემდებაროს სამომავლოდ გაუქმებას, თუ იგი არაუფლებამოსილი პირის მიერ იქნება გამოტანილი.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მნიშვნელოვანი სამართლებრივი განმარტება გააკეთა აღნიშნული საოქმო ჩანაწერით, რის მიხედვით, კანდიდატებს, რომელთა შერჩევაც არ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, აქვთ უფლება მიმართონ საერთო სასამართლოებს ზოგადი წესის მიხედვით თავიანთი უფლებების დასაცავად. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის პროცედურის განსაზღვრაზე საუბრობდა OSCE/ODIHR თავის სამართლებრივ დასკვნაში, მაგრამ აღნიშნულის განმსაზღვრელი პირდაპირი რეგულაცია არ გაიწერა კანონმდებლობაში.

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის შუამდგომლობა, რომელშიც მოთხოვნილი იყო, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ნორმების შეჩერება. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა სადავო ნორმების შეჩერების მიზანშეწონილობის საკითხის კვლავ განხილვა, მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს 2 წევრის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის გამო, გამოცხადდება კანდიდატთა შერჩევის ახალი პროცედურა.

სახალხო დამცველი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს და წარუდგენს შესაბამის შუამდგომლობას ხელახლა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკურსის გამოცხადებისთანავე.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შემჭიდროებულ ვადებში განიხილავს და გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.