საკონსტიტუციო სასამართლომ სომხეთის მოქალაქეების სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სომხეთის მოქალაქეების სარჩელი, რომელშიც ისინი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის იმ ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდნენ, რომლითაც მთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება და ამით იგივე ტერიტორიებზე მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვერ სარგებლობენ.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ეს იყო დისკრიმინაციული მოპყრობა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონი კონსტიტუციასთან სრულად შესაბამისობაშია.
„სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ალბათობა გაცილებით უფრო დაბალია. შესაბამისად, სადავო ნორმებით გარკვეული ფინანსური სახსრების მათთვის გადაცემა და შეღავათების დაწესება, არ მოემსახურება ეფექტიანად იმ ლეგიტიმურ მიზანს, ინტერესებს, როგორიც არის მაღალმთიანი რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარება. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა, გიორგი სულხანიშვილმა.