საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს
საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში პირადობის მოწმობის გაცემის წესის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს.
უფრო კონკრეტულად კი, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, არის თუ არა კონსტიტუციური „აიდი“ ბარათების გაცემა ელექტრონული მატარებლით, ე.წ. „ჩიპით“ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ „ჩიპიანი“ ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მოქალაქეების, ნანა სეფაშვილისა და ია რეხვიაშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
მოსარჩელეები სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპი“) გარეშე, მიღების შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, ასევე, სადავო ნორმის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ექნებათ უფლება, მოითხოვონ „აიდი“ ბარათები ე.წ. ჩიპის გარეშე. სასამართლოში ვარაუდობენ, რომ პირადობის გამცემ ორგანოებს გადაწყვეტილების მიღებამდე მოუწევთ შუალედური რეგულაციების მიღება გაცემის წესთან დაკავშირებით.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას.
შესაბამისად, მათივე განცხადებით, ადამიანები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.
დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ განმარტება გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ლომთაძემ.
„საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო მოქალაქეთა კონსტიტუციური სარჩელი. მოცემულ საქმეში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტი და იუსტიციის მინისტრი. მხარეები მიუთითებენ, რომ მათ აქვთ ვალდებულება, აიღონ პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობა ამ ფორმით იძლევა პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ აღნიშნული წესი ეწინააღმდეგება მათი რწმენის თავისუფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეთა კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად. ასევე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება იმ ნორმატივების შინაარსით, რომელიც გამორიცხავს პირის რწმენის საფუძველზე არაელექტრონული ფორმით პირადობის გაცემის შესაძლებლობას“, – განაცხადა გიორგი ლომთაძე.
სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ბიომეტრიული პასპორტების გაცემას ეხება.