საკონსტიტუციო სასამართლომ შალვა ნათელაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
შალვა ნათელაშვილს გასაჩივრებული ჰქონდა პარლამენტის გადაწყვეტილება მისთვის სადეპუტატო უფლებამოსლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საფუძველიც იყო პარლამენტის სხდომებზე დაუსწრებლობა.
შალვა ნათელაშვილის მითითებით, „პარლამენტის სხდომებზე დაუსწრებლობა განპირობებული იყო საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით და სადავო გადაწყვეტილება მიღებულია პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე“.
ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, ბოიკოტის უფლების პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მთელ ვადაზე განვრცობა დააზარალებს პლურალისტური პარლამენტის იდეას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი სამართლიან ბალანსს აწესებს პარლამენტის წევრის მიერ პოლიტიკური ბოიკოტის გამოხატვის უფლებასა და მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს შორის. შესაბამისად, მოსარჩელისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
„2022 წლის 4 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1688 კონსტიტუციური სარჩელი („შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელე შალვა ნათელაშვილს ვადამდე შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტზე დაუსწრებლობის გამო. მოსარჩელის მითითებით, პარლამენტის სხდომებზე დაუსწრებლობა განპირობებული იყო მისი საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
საქართველოს კონსტიტუცია არ არეგულირებს საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს და, შესაბამისად, არ არსებობს კონსტიტუციური ნორმა, რომლის საფუძველზეც, მსგავს შემთხვევაში, პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის, საპარლამენტო ბოიკოტის დეფინიციას ადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, ბოიკოტი განიმარტება როგორც პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე კონკრეტული საკითხების გადაწყვეტასა და განხილვაზე უარის თქმას გარკვეული პოლიტიკური შეხედულებებიდან და პოზიციიდან გამომდინარე და იგი არ გულისხმობს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი სუბიექტის უფლებას, იმავე მოწვევის ფარგლებში, განუსაზღვრელი და, მით უფრო, მთელი უფლებამოსილების ვადით, ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტის ყველა სხდომას და ზოგადად საპარლამენტო საქმიანობას. ამასთან, მოპასუხის მითითებით, მოსარჩელემ არ დაიცვა საპარლამენტო ბოიკოტის გამოცხადებისთვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი აუცილებელი პროცედურული მოთხოვნები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველესად, განმარტა პარლამენტის ინსტიტუციური მნიშვნელობა და შინაარსი ყოველ დემოკრატიულ სახელმწიფოში, პარლამენტის წევრის სტატუსისა და ფუნქციების გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, პარლამენტი არის ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც საკუთარი კანონშემოქმედებითი საქმიანობით პრაქტიკულ დონეზე ასახავს ხალხის პოლიტიკურ ნებას საზოგადოებრივი ურთიერთობის სხვადასხვა სფეროში.
ამასთან, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლით ქმნის მყარ გარანტიებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმის პრაქტიკაში სათანადო ფუნქციონირებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ ზემოხსენებული ფუნქციების განხორციელება შეუძლებელია, საკუთრივ, პარლამენტის წევრთა მიერ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის გარეშე, ვინაიდან სწორედ მათი თავისუფალი მანდატის გამოყენებით ხდება შესაძლებელი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მსვლელობა და საზოგადოების პოლიტიკური ნების პრაქტიკული რეალიზაციის ხელშეწყობა. გარდა აღნიშნულისა, პარლამენტის წევრთა მიერ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიუღებლობით, იმთავითვე, საფრთხე ექმნება პარლამენტის ფუნქციაუნარიანობას, საფრთხის ქვეშ დგება მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების ეფექტიანად შესრულება, რაც ნეგატიურად აისახება როგორც წარმომადგენლობით და პლურალისტურ დემოკრატიაზე, ასევე საზოგადოებრივი ურთიერთობის ფართო სპექტრზე. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო დადგენილების კონსტიტუციურობის შეფასების მიზნებისთვის განმარტა საპარლამენტო ბოიკოტი, როგორც გაცდენათა საპატიო მიზეზი და მისი კონსტიტუციურსამართლებრივი ფარგლები.
სასამართლოს შეფასებით, დემოკრატიულ სახელმწიფოში საპარლამენტო ბოიკოტი რიგ შემთხვევებში პოლიტიკური ბრძოლის დასაშვებ მექანიზმს წარმოადგენს საზოგადოების ინტერესების სასიკეთოდ, რომელსაც პოლიტიკური აქტორები იყენებენ სტრატეგიული თუ ტაქტიკური კუთხით, გარკვეული საკითხების მწვავედ დაყენებისა თუ მათი რეზონანსულობის წარმოსაჩენად, თუმცა იგი არ გულისხმობს პარლამენტის წევრთა უფლებას მთელი ვადის განმავლობაში არცერთ სხდომაზე ბოიკოტის უფლებაზე დაყრდნობით არ მიიღონ მონაწილეობა. კონსტიტუციის მიზნებისთვის ბოიკოტის ასეთ ფართო გაგებას არ ადგენს კონსტიტუციური მართლწესრიგი.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ, საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის, ბოიკოტის უფლების პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მთელ ვადაზე განვრცობა დააზარალებს პლურალისტური პარლამენტის იდეას, შეაფერხებს საპარლამენტო ცხოვრებაში განსხვავებულ აზრთა ცირკულაციას, კანონმდებლობის კონკურენტულ, განსხვავებულ მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის პირობებში მიღებას, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ამომრჩეველთა უფლებებზე, დემოკრატიულობისა და მთლიანად სახალხო სუვერენიტეტის კონსტიტუციურ პრინციპზე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი სამართლიან ბალანსს აწესებს პარლამენტის წევრის მიერ პოლიტიკური ბოიკოტის გამოხატვის უფლებასა და მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს შორის და, შესაბამისად, მოსარჩელისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. დავის საგანი: „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის №1362-VIIIმს-Xმპ დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან მიმართებით“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.