საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებით სარჩელი დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მოქალაქე თამარ თანდაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით განსაზღვრული წესი.
აღნიშნული წესის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები ოჯახები ვერ რეგისტრირდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და შესაბამისად, კარგავენ სოციალურ დახმარებას, თუ არა აქვთ ფართში ცხოვრებისთვის კანონიერი მესაკუთრის თანხმობა.
წესი არ მოქმედებდა სახელმწიფო საკუთრებაში თვითნებურად მცხოვრებ იმ ოჯახებზე, რომელთაც ფართი დაკავებული ჰქონდა ნორმის ამოქმედებამდე, ანუ 2013 წლის პირველ ივნისამდე. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ხსენებული პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა თანასწორობის უფლებას არღვევდა.
მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმა ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს – სახელმწიფო საკუთრების დაცვას. ამასთანავე, სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია არ იწვევდა პირის უფლებების გადამეტებულ შეზღუდვას და სრულად შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიუთითა, რომ სოციალური დახმარებით სარგებლობის მიზნებისთვის, თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენდა ყველა ის პირი, რომელიც უნებართვოდ ცხოვრობდა სახელმწიფო საკუთრებაში, იმის მიუხედავად, როდის წარმოეშვათ აღნიშნულ პირებს სოციალური დახმარების მიღების საჭიროება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ დიფერენცირებას არ ჰქონდა გონივრული გამართლება და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.