საკონსტიტუციო სასამართლომ საკარანტინო შეზღუდვებთან დაკავშირებული სარჩელების ძირითადი ნაწილი არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ საკარანტინო შეზღუდვებთან დაკავშირებული სარჩელების ძირითადი ნაწილი არ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა შემდეგ საკონსტიტუციო სარჩელებთან დაკავშირებით – „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“.

დავის საგანს წარმოადგენდა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის, ასევე მთავრობის დადგენილების გარკვეული მუხლების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელები დააკმაყოფილა მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შრომითი უფლებების შეზღუდვის შინაარსს ეხებოდა და არაკონსტიტუციურად ცნო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმატიული შინაარსი, ხოლო დანარჩენ სადავო ნორმებთან, მათ შორის, პირთა მიმოსვლასთან მიმართებით სარჩელები არ დააკმაყოფილა.

„კონსტიტუციური სარჩელები №1505 („პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“), №1516 („ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) და №1529 („პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს ანიჭებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შრომითი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას.

არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1505 („პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების, 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პირთა მიმოსვლასთან“ და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის (2021 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედი რედაქცია), მე-2 პუნქტის პირველი წინადადების (2021 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და მე-3 პუნქტის (2021 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1515 („გიორგი ჩიტიძე და ედუარდ მარიკაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).

არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1516 („ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პირთა მიმოსვლასთან“ და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა (2021 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების (2021 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1529 („პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა (2021 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების (2021 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკითხზე განსხვავებული აზრი ჰქონდა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძეს.