საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სარჩელი, რომლითაც სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ, რომელიც ე.წ. ამორალური გარიგებების ბათილობას ითვალისწინებს. სარჩელი არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია „საქართველოს“ მიერ იყო შეტანილი.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ ე.წ. ამორალური გარიგების ნაწილში კოდექსის გასაჩივრებული მუხლი ბუნდოვანია და იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას, რის გამოც მხოლოდ გარიგების ფასის შეუსაბამობის გამო შეთანხმება შესაძლოა, გაბათილდეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსში გარკვეული ზოგადი ნორმების არსებობა აუცილებელია. გარდა ამისა, სასამართლომ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება, რომელშიც ახსნილია, რომ სადავო ნორმის მიხედვით, მხოლოდ შეუსაბამო ფასი ვერ გახდება გარიგების ბათილობის საფუძველი. ამდენად, სადავო ნორმას არ აქვს ის შინაარსი, რომელსაც მოსარჩელე მიუთითებდა.

გადაწყვეტილებას ერთვის ოთხი მოსამართლის ირინა იმერლიშვილის, მაია კოპალეიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თამაზ საბუტაშვილის განსხვავებული აზრი.

საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის კიდევ რამდენიმე სარჩელი არის განხილვის პროცესში.