საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს მოსამართლეთა ორგანული კანონის მისაღებად პარლამენტს დრო პირველ მაისამდე მისცა
საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს პირველ მაისამდე მისცა დრო, რათა მიიღოს ორგანული კანონი, რომელიც მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს დაარეგულირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს, ძალადაკარგულად გამოცხადდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ომარ ჯორბენაძე პარლამენტის წინააღმდეგ“.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, რომელსაც შესაძლებელია, მოჰყვეს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, უნდა დარეგულირდეს არა ჩვეულებრივი, როგორც ეს დღეს მოქმედი რეგულაციით ხდება, არამედ ორგანული კანონით. მოსარჩელეს მოქმედი კანონის შინაარსთან დაკავშირებით პრეტენზიები არ ჰქონია. იგი მხოლოდ ფორმალური მხარის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას მოითხოვდა.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ნორმები ფორმალური თვალსაზრისით არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს. მეორე კოლეგიამ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება და მიიჩნია, რომ კანონმდებელს უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რათა მან კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოაწესრიგოს მოსამართლეთა სამსახურიდან გათავისუფლების წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ძალადაკარგულად გამოცხადდება 2018 წლის 1-ლი მაისიდან.