საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ნიკა მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ნიკა მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

2020 წლის 25 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა №1473 კონსტიტუციური სარჩელი – „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ნიკანორ მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის. დასახელებული განაჩენის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერის დადგენილებით ნიკანორ მელიას ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

მოსარჩელის არგუმენტაციით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, ასეთი კი ვერ იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამდენადაც არსებობს მისი გასაჩივრების და შეცვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის სადავო დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და შეიცავს პარლამენტის წევრის უფლებების შეუქცევადად დარღვევის რიკს.

მოპასუხე მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი დაკავშირებულია მის აღსრულებასთან. იმ შემთხვევაში, თუ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა დაყოვნდება საქმეზე გასაჩივრების მექანიზმის ამოწურვამდე, ვერ მოხდება ამ განაჩენის აღსრულება და პირისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის დაკისრება, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუშლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნებისათვის, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს კანონიერ ძალაში შესულად და, ამ მხრივ, სადავო დადგენილება არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პარლამენტის წევრის კონსტიტუციური სტატუსის, მისი ფუნქციების მნიშვნელობისა და ლეგიტიმაციის წყაროს გათვალისწინებით, აუცილებელია, არსებობდეს პარლამენტის წევრის უფლებებისა და ინტერესების დაცვის მყარი კონსტიტუციური საფუძვლები და არ მოხდეს მისი უფლებამოსილების შეწყვეტა დემოკრატიის პრინციპთან შეუთავსებელი გზით. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, საკანონმდებლო საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ ისეთმა პირებმა, რომელთა ქცევაც შეუსაბამო არაა პარლამენტის წევრის სტატუსთან, რათა საქართველოს პარლამენტის საქმიანობას არ მიადგეს გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი და ეჭვქვეშ არ დადგეს მის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ფუნქციების სანდოობა. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, საზოგადოებაში უნდა არსებობდეს აღქმა, რომ პარლამენტის საქმიანობა და კანონშემოქმედებითი პროცესი თავისუფალია შიდა და გარე ჩარევების, ვიწროდ პირადი ინტერესებისა და უკანონო ზემოქმედებისაგან, ამ მიზნის მიღწევა კი შეუძლებელი იქნება მაშინ, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი კვლავ განაგრძობს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას“, – აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა პირდაპირ გავლენას ახდენს მისი აღსრულების საკითხზე.

„საკონსტიტუციო სასამართლოს არგუმენტაციით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა დაუკავშირდება გასაჩივრების უფლების ამოწურვას, შეუძლებელი იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღსრულება მაშინაც კი, თუ პარლამენტის წევრს სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, ამგვარი გადაწყვეტა საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ პარლამენტის სანდოობასა და მის ეფექტურ ფუნქციონირებას, არამედ მართლმსაჯულების განხორციელების უმნიშვნელოვანეს ინტერესსაც.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზნებისათვის, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს საქმეზე პირის დამნაშავეობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს და ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში დაერთვება მოსამართლეების ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის, თეიმურაზ ტუღუშისა და თამაზ ცაბუტაშვილი განსხვავებული აზრი. დავის საგანი: „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან მიმართებით“, – აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.