საკონსტიტუციო სასამართლომ ორგანიზაციის „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ საკონსტიტუციო სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ საკონსტიტუციო სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.
დავის საგანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების – „გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში“ – კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი აწესრიგებს საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მოსარჩელეთა მტკიცებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეძლევა ექსკლუზიური შესაძლებლობა, თავის საეთერო ბადეში, მინიმალური შეზღუდვების პირობებში, განათავსოს კომერციული რეკლამა და ტელეშოპები, სხვადასხვა სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსების ფარგლებში.
მოსარჩელეთა აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურენციას უწევს სარეკლამო ბაზარზე არსებულ სხვა არხებს, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და აღნიშნული დაფინანსება არ არის მიზნობრივი და მისი გამოყენება შესაძლებელია არხის სხვადასხვა ტიპის ხარჯებისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის აზრით, არსებული მოწესრიგების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც სარეკლამო ბაზარზე არსებული კერძო არხების კონკურენტი, იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში თავის კონკურენტებთან შედარებით.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ კერძო მაუწყებლებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დამოკიდებული კომერციულ შემოსავალზე, მას რაიმე სახის ფინანსური ზარალის გარეშე შეუძლია მომხმარებელთათვის ნებისმიერი სასურველი ფასის, მათ შორის, სიმბოლური ფასის შეთავაზებაც, რაც, მათი აზრით, სხვა არხებს ფინანსურად აზარალებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ეს რეგულირება არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.