საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას. მარიხუანას მოხმარების აკრძალვა მისი ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა და შესაბამისად ემსახურება მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, ინდივიდუალური მომხმარებლის როლი მარიხუანას ბრუნვის ხელშეწყობაში არის ძალიან მცირე, შესაბამისად მცირეა მოხმარების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის ბლანკეტურად დაწესება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დაცვის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნებს“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ამასთან, დღევანდელი გადაწყვეტილება გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების ფაქტი საფრთხეებს ქმნის მესამე პირებისთვის.
„ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. მათივე მტკიცებით, მარიხუანას მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. მოსარჩელეთა თქმით, დასახელებული ქმედება არ უქმნის რეალურ საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ საჯარო ინტერესს. მათივე განმარტებით, მარიხუანას მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
საქმის არსებითი განხილვა მაისში დასრულდა, გადაწყვეტილება კი დღეს გამოცხადდა.