საკონსტიტუციო სასამართლომ იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წესის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო
მოსამართლეობის კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე გასაუბრების წესს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის თავისუფლების როგორც ფორმალურ, ისე შინაარსობრივ მოთხოვნებს. მათი განმარტებით, არც ერთი საკანონმდებლო აქტით არ არის დადგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.
„მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დასწრება წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს, სადავო ნორმით კი ირღვევა დაინტერესებული პირების უფლება, მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ წარდგა მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. არ არის ხელმისაწვდომი გასაუბრების შედეგებიც. ამდენად გასაუბრების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას გააჩნია არსებითი მნიშვნელობა გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის. შესაბამისად, სადავო რეგულაცია არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებებს“, – ნათქვამია სარჩელის სამოტივაციო ნაწილში.
სარჩელის არსებითი განხილვა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაიწყო.